logo
ENG



თავდაცვის სამინისტრო აშშ-ის ბაზებზე გავრცელებულ ინფორმაციას "სიცრუეს" უწოდებს

13 სექ 202316:40
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/13/eu3szap5zlp70ux.jpg

თავდაცვის სამინისტრო სიცრუეს უწოდებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებამ აშშ-ის ბაზების აშენებაზე უარი უთხრა. აღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად მთავარმა არხმა გაავრცელა.

"თავდაცვის სამინისტრო ეხმიანება მედიაში გასულ ინფორმაციას, რომელიც შეეხება აშშ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების თემას და შინაარსობრივად წარმოადგენს სრულ სიცრუეს.

აღნიშნული ინფორმაცია ვრცელდება პოლიტიკურად მიკერძოებული პირის მიერ, რომელიც შემდგომ ცალკეული მედია საშუალებებისა და პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მიერ გამოყენებულია დეზინფორმაციული კამპანიის საწარმოებლად.

მოვუწოდებთ საზოგადოებას დაეყრდნონ გადამოწმებულ ინფორმაციას, განსაკუთრებით ასეთი მნიშვნელობის თემატიკის განხილვისას", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

მთავარი არხის ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე, საქართველოში ჩამოსულმა ამერიკის თავდაცვის მდივანმა ქართულ ოცნებას ბაზის გახსნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შესთავაზა და უარი მიიღო. ინფორმაციას დღეს გამოეხმაურა პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე - მისი განცხადებით, "ერთადერთი რამაც შეიძლება საქართველოს უსაფრთხოების გარანტია მისცეს, არის NATO-ს წევრობა".


close დახურვა